logo
ENG



"ფერდობს ძირი აქვს გამოჭრილი" - რა ხდება ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზასთან

18 მარ 202111:44
3 წუთის საკითხავი
 
"ფერდობს ძირი აქვს გამოჭრილი" - რა ხდება ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზასთან
Forum.ge

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მძიმე ტექნიკის გამოყენებით ამ წუთებშიც გრძელდება გზის დაგება, მეწყრული პროცესები დაიწყო. 

სეისმოლოგ თეა გოდოლაძის შეფასებით, მეწყრის ტანის სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია, ხოლო დინამიკაში მოსულია ნახევარი მილიონი კუბი მასალა. მიწაში ნაპრალის ამსახველი ფოტოები დღეს, 18 მარტს Forum.ge-ზე გავრცელდა.

"მეწყერი დინამიკაშია მოსული და მისი გაჩერება შეუძლებელია", - ამბობს ის და ამატებს, რომ ეს ყველაფერი არასწორი დაგეგმარების, ყალბ გეოლოგიურ დასკვნებზე აშენებული კორპუსების გამო ხდება.

"ეს მოხდა ვერეს ხეობის დროს, ანალოგიურია აქაც აბსოლუტურად იდენტურ პრობლემებთან გვაქვს საქმე".

გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი, რომელიც ასევე ადგილზეა, ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ადგილზე მიმდინარე პროცესების გამო ფერდობს საყრდენი გამოეცალა და სწორედ ამან გამოიწვია მეწყერი.

მანვე ახსნა, რომ საშიშროებას წარმოადგენს დაძრული მიწის მიმდებარედ, მიწის სხვა მონაკვეთიც, რადგან მათაც გამოეცალათ საყრდენი.

"მნიშვნელოვანია, რომ ფერდობს ძირი აქვს გამოჭრილი. აქ საინტერესო მომენტია ისიც, რომ ფოტოები, რომლებიც ყველამ ვნახეთ, ცალსახაა, ეს ბლოკი აქ გამჩერებელი არ არის და ჩამოვა ქვემოთ. რაც ახლა მნიშვნელოვანია და რაზეც ჯგუფი მუშაობს ადგილზე, არის ის, თუ რა ხდება ამ დაძრული ბლოკის მეზობლად - გვერდით და ზემოთ. ამ ბლოკის ჩამოცლის შემდეგ იმასაც ჩამოცლილი აქვს საყრდენი და დომინოს ეფექტს ველოდებით", - ამბობს სუხიშვილი.

მისივე ვარაუდით, უცნობია, როდის შეიძლება მიწა დაიძრას ან რამ სამუშაოები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეჩერდეს.

"სიჩქარეა საინტერესო, ეს დაძვრა შეიძლება წლები გაგრძელდეს, მაგალითად, ინტენსიური წვიმის ან გარკვეული ვიბრაციების გამო, შესაძლოა ცოტა აჩქარდეს პროცესი. უშველის თუ არა გამაგრება - ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, წარმოდგენა არ მაქვს, აქ რა შეიძლება, იყოს გამოსავალი. ვერ ვხვდებით რამ, შეიძლება ეს გააჩეროს. რომ უნდა შეჩერდეს გზის მშენებლობა და ეს ვიბრაციები, ცხადია, მაგრამ ეს არ შეაჩერებს დაწყებულ მეწყრულ პროცესებს".

გეოლოგი გიორგი ბოიჩენკო, რომელიც დილიდან ადგილზე აკვირდებოდა მეწყრულ პროცესს, ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ეს გზის სამშენებლო ღონისძიებებს უკავშირდება.

მანაც აღნიშნა, რომ წყლის მილების მიწაში ჩაწყობისას დაახლოებით, 10-15 მეტრის მიწა გამოაცალეს ფერდობს, რამაც გრავიტაციულ პროცესებს შეუწყო ხელი.

"ძალიან დიდი ალბათობით, ესაა სამშენებლო ღონისძიებებთან დაკავშირებული მეწყერი, ძირი აქვს გამოთხრილი ფერდობს, საყრდენი არ აქვს, რის გამოც დაიძრა. მეორეხარისხოვანი ტექტონიკური რღვევაა და ამის პარალელურად გაიხსნა ნაპრალი. იქ, სადაც ქანების ბუნებრივი რღვევაა, ზუსტად იმაზე გაიხსნა მეწყერი.

ეს არის ბლოკური ტიპის მეწყერი და გააქტიურების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვემოთ მოსახლეობასაც შეუქმნას საფრთხე. როგორც ვიცი, წყლის მილები ჩააწყვეს მანდ, ეს მილები კიდევ უფრო ღრმად ჩადის, ვიდრე გზის ზედაპირია, ანუ დაახლოებით, მოჭრილია 10-15 მეტრის მიწა. ჩვეულებრივი გრავიტაციული პროცესია", - ამბობს გეოლოგი და ამატებს, რომ ფერდობის კედლით გამაგრება არარეალურად ესახება.

მისი თქმით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია მეწყრის დაშლა და ნელ-ნელა ტერიტორიიდან გატანა.

ამ დროისთვის, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზა  გადაკეტილია. სწორედ ამის შესახებ გაავრცელა განცხადება თბილისის მერიამ 16 მარტს. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდ და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

მას შემდეგ, რაც მეწყრული პროცესების ფოტოები საჯაროდ გავრცელდა, მერიამ ბრიფინგი ბრიფინგი ჩანიშნა. მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განმარტა, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან "მეწყერული პროცესები ხდება მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, ხოლო საგზაო სამუშაოები არის მაჭავარიანის ქუჩის ქვედა ნაწილში".

მაშინ, როდესაც ადგილზე გზის სარემონტო სამუშაოები თვეებია მიმდინარეობს, მერის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრები ჩამოვლენ და უშუალოდ ჩაერთვებიან პროცესში.

ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ სამუშაოების დაწყებამდე, "დეტალური" პროექტი გააკეთეს. 

"ამ სამუშაოების დაწყებამდე დეტალური პროექტი იყო გაკეთებული, იყო გეოლოგების დასკვნები, იყო ექსპერტიზა გაკეთებული, სწორედ ამის შემდგომ მოხდა სამუშაოების დაწყება".

ბენდელიანის თქმითვე, ვინმეს პასუხისმგებლობა რომ დადგეს, მეწყრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი 100%-ით უნდა იყოს ცნობილი.

მანვე აღნიშნა, რომ მეწყრული პროცესების დაწყება კონკრეტული ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა:

"მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ პირველი რიგის ამოცანაა მაჭავარიანის ქუჩის გახსნა მოხდეს რაც შეიძლება მალე, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ამ ქუჩაზე გადაადგილება იქნება უსაფრთხო. [...]

ეს კონკრეტული ერთი ფაქტის გამო არ არის მომხდარი, ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე სამუშაოები, ასევე ბუნებრივი ფაქტორებიცაა - ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ პრობლემის აღმსოაფხვრელად".

ახლა ადგილზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ჯგუფი აგრძელებს მუშაობას. ისინი გეგმავენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ დასკვნა საჯაროდ გამოაქვეყნონ, თუმცა როგორც ლაშა სუხიშვილი გვეუბნება, მათი დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა და მერიას ვალდებულება არ აქვს ეს ინფორმაცია გაითვალისწინოს. 

მისივე თქმით, როდესაც მათი ჯგუფი ადგილზე მივიდა, უკვე დახვდათ იმის ნიშნები, რომ მანამდე, სხვებიც მუშაობდნენ იქ. როგორც ის  ვარაუდობს, სხვა, მისთვის გაურკვეველმა ჯგუფმა სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. 


close დახურვა